შოლცის თქმით, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა: „ეს არის ის, რაზეც არ შემიძლია და არ მსურს, პასუხისმგებელი ვიყო“

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მას არ შეუცვლია პოზიცია უკრაინისთვის გერმანული Taurus-ის რაკეტების გადაცემასთან და რუსეთზე ღრმა დარტყმების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.

გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი

ბრაზილიაში G20-ის სამიტზე შოლცმა თქვა, რომ ამ იარაღის უკრაინაში განთავსება გერმანულ მხარეს აიძულებს, რაკეტების დამიზნებაზე პასუხისმგებლობა აიღოს  და ის ამას მხარს არ დაუჭერს.

„ეს არის ის, რაზეც მე არ შემიძლია და არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი“, – აღნიშნა შოლცმა.

მან დასძინა, რომ ბერლინმა დაუშვა გამონაკლისი და უკრაინას უფლება მისცა, გამოეყენებინა გერმანული იარაღი ხარკოვის დასაცავად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ მართებულად მიიჩნევს გადაწყვეტილებას კრემლის მმართველ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

Financial Times-ის ცნობით, შოლცი უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გაგზავნასთან დაკავშირებით მზარდი ზეწოლის წინაშე დგას. რობერტ ჰაბეკმა, რომელიც კანცლერის პოსტზე „მწვანეების“ კანდიდატია,  პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კიევს Taurus-ის რაკეტებს მიაწვდის.

ევროპარლამენტის წევრმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა განაცხადა, რომ ბუნდესტაგში უმრავლესობა უკრაინისთვის რაკეტების გაგზავნის მომხრეა, მათ შორის არიან „მწვანეები“, „ქრისტიან – დემოკრატიული კავშირი“ და „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია“.

გერმანიის ქრისტიან – დემოკრატიული კავშირის თავდაცვის სპიკერი იოჰან ვადეფული კანცლერს აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინა შეძლებს შეცვალოს ვითარება ფრონტზე, თუ ის რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დარტყმას შეძლებს.