სლოვაკეთის პრემიერი ბაიდენის გადაწყვეტილებაზე: ეს უბრალოდ იმის დასტურია, რომ დასავლეთს სურს უკრაინაში ომის გაგრძელება ნებისმიერ ფასად…გასაკვირია, რამდენად სწრაფად მიესალმა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აშშ-ის ამ ნაბიჯს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემა ზიანს აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ესკალაციას იწვევს.

რობერტ ფიცო

„ეს დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაციაა. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის იმედებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. გასაკვირია, რამდენად სწრაფად მიესალმა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აშშ-ის ამ ნაბიჯს. ეს უბრალოდ იმის დასტურია, რომ ევროკავშირს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს პრინციპული საგარეო პოლიტიკური პოზიციები და რომ დასავლეთს სურს უკრაინაში ომის გაგრძელება ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.