უკრაინულმა დრონებმა რუსეთში მაიონეზის და იოგურტის ქარხნები დაბომბეს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე მაიონეზის და იოგურტის ქარხნებზე იერიში მიიტანეს. ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგ პერსონალის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას vse42.ru ავრცელებს.

იოგურტის ქარხანაზე შეტევა ბელგოროდის ოლქშიც განხორციელდა, ქალაქ ალექსეევკაში ასევე იოგურტის ქარხანა დაიბომბა.

რუსული მედია არ აკონკრეტებს, თუ რატომ დაბომბა უკრაინამ ეს ქარხნები. როგორც გაირკვა, საკვებ პროდუქტებთან ერთან ეს ქარხნები სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციასაც აწარმოებენ. მაგალითად „ეფკო“, რომელიც მარგარინისა და მაიონეზის უმსხვილესი მწარმოებელია, დრონებსაც აწარმოებს.

20 ნოემბრის ღამით უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე. საერთო ჯამში შეტევაში 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. უკრაინული დრონები ბრიანსკის, ვორონეჟის, სმოლენსკის, კურსკის, ორიოლის, როსტოვისა და მოსკოვის ოლქებში დაფრინავდნენ.