BBC: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებას არ ადასტურებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული Storm Shadow-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა პირველად გაისროლა. ამის შესახებ BBC წერს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ჯონ ჰილის თქმით, „უკრაინის ქმედება ბრძოლის ველზე თავისთავად მეტყველებს“.

მან დეპუტატებს განუცხადა, რომ გუშინ თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა და განიხილა უკრაინის „მტკიცე პასუხი“ რუსეთის ბოლო ესკალაციაზე და გაერთიანებული სამეფოს გეგმა 2025 წლის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

„ამ ეტაპზე მე არ შემიძლია რაიმე დამატებითი ოპერაციული დეტალების მოწოდება”, – აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები პირველად გამოიყენა. პროკრემლისტური ტელეგრამ არხის, Rybar-ის ცნობით, Storm Shadow-ის ნამსხვრევები კურსკის ოლქში აღმოაჩინეს, ხოლო ქალაქ ეისკის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს.