სიბიგა: კიევი მოსკოვთან ტერიტორიების სანაცვლოდ არანაირ შეთანხმებას არ დადებს

კიევი „არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ გარიგებას ტერიტორიის სანაცვლოდ“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ აშშ-ის კონგრესში მოსმენის დროს განაცხადა, იუწყება „ამერიკის ხმა“.

ანდრეი სიბიგა

მისი თქმით, „მშვიდობას ძალის მეშვეობით“ ალტერნატივა არ შეიძლება ჰქონდეს.

„უკრაინა არ მიიღებს არცერთ წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ ინიციატივებს… ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას – „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას. სიბიგას თქმით, რუსეთის ტერიტორიული მიღწევებით დაჯილდოება მშვიდობას არ აღადგენს, არამედ გამოიწვევს შემდგომ აგრესიას.

„ეს არის აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა და არა მშვიდობა. დაშოშმინება არასდროს მუშაობდა წარსულში და არც ახლა იმუშავებს.

რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი“, – აღნიშნა სიბიგამ.