ილონ მასკის ქონება აშშ-ის არჩევნებიდან 4 დღეში 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა

მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიდან 4 დღეში 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 5 ნოემბერს Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება 264 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. არჩევნებიდან მეორე დღეს მისი ქონება 26 მილიარდით გაიზარდა და 290 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მომდევნო 2 დღის განმავლობაში კი, 7 და 8 ნოემბერს, მილიარდერის ქონება 296 მლრდ დოლარამდე იზრდებოდა.

9 ნოემბრის მდგომარეობით კი მასკის ქონება 314 მილიარდ დოლარს შეადგენს. გამოდის, რომ მხოლოდ ერთ დღეში მისი ქონება 18 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, ხოლო არჩევნების შემდეგ ზრდამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 5 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის პრეზიდენტი მეორედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი არჩევნებში ტრამპს ღიად უჭერდა მხარს და წინასაარჩევნო მიტინგებზეც არაერთხელ გამოჩენილა.

იქამდე მილიარდერი აცხადებდა, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობას მიიღებდა, ეფექტური მთავრობის შექმნისა და „გიგანტური ბიუროკრატიის“ შემცირების საკითხებზე მასთან ერთად იმუშავებდა. როგორც ცნობილია, მასკი მიზნად ისახავს, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯი 2 ტრლნ დოლარით შეამციროს.

ამასთანავე, Interconnected Capital-ის დამფუძნებელ კევინ სიუიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ მასკი ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-სა და ჩინეთს შორის მთავარი შუამავალი გახდება.