ვიქტორ ორბანი – ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემით თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით თავხედური და ცინიკურია, – ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაქსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი - ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემით თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღო

„ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.

ზოლტან კოვაქსის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია და ვიზიტის დროს ხელშეუხებლობაში დაარწმუნა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.