პატრულზე თავდასხმის ბრალდებით პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილე დააკავეს

პატრულზე თავდასხმის ბრალდებით პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს

გამოძიების მიხედვით, ბრალდებული რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს, პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. დაკავებულს 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს
დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.