რამდენიმე წუთის წინ 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.
სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა. სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია – ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება. ამ წუთებში სწორედ აღნიშნული პროცედურა მიმდინარეობს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.
პარალელურად, პარლამენტის გარეთ გუშინდელი საღამოდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკოსები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.