წილოსანი ზურაბიშვილზე: ღამურასავით არის – აღარც იქაა, ვინც აირჩია და აღარც იმას ეკუთვნის, ვისაც ახლა მიეკედლა

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ღამურასავით არის – აღარც იქაა, ვინც აირჩია და აღარც იმას ეკუთვნის, ვისაც ახლა მიეკედლა“,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატი ნინო წილოსანი

მისი თქმით, საქართველო განთავისუფლდება ამ მავნებელი ადამიანისგან [ზურაბიშვილი], უფლებამოსილება უკვე დეკემბერში უსრულდება.

„სალომე ზურაბიშვილი თავად არის დიდი შეცდომა. სამწუხაროდ, ამ შეცდომის გარკვეულწილად მონაწილეებიც ვართ და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. თუმცა, ასევე, კარგი ის არის, რომ მას უფლებამოსილება უკვე დეკემბერში უსრულდება. შესაბამისად, საქართველო განთავისუფლდება ამ მავნებელი ადამიანისგან. მისი ყველა ინტერვიუ წარიმართება ისე, რომ ტირის და მისტირის თავის ძალაუფლებას. ოღონდ, ეს ძალაუფლებაც ძალიან ეფემერული იყო, რადგან კონსტიტუციით მას ჰქონდა მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება, თუმცა მას სურდა ეს რაღაცნაირად შეერგო და ბოლომდე შეეფერებინა, იმაზე მეტი ეკეთებინა, ვიდრე მას კონსტიტუცია ავალებდა და რა თქმა უნდა, უკვე ამ უფლებამოსილებადასრულებული ადამიანის შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას მივადევნებთ ახლა ჩვენ თვალს“, – განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პერსპექტივა ნულია.

„მან იცის, რომ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. სამწუხაროდ, მან სრულად დაკარგა იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელმაც აირჩია. ეს ადამიანები ზუსტადაც რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ და ჩვენი პარტიის ეგიდით დაუჭირეთ მას მხარი. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ღამურასავით არის – აღარც იქაა, ვინც აირჩია და აღარც იმას ეკუთვნის, ვისაც ახლა მიეკედლა. ამიტომ, ეს ღამურა, ვითომდა პოლიტიკოსი დარჩება ყველანაირი ძალაუფლების, ყველანაირი რეპუტაციის გარეშე და სამწუხაროდ, ისტორიაში შევა როგორც ძალიან მძიმე ლაქა ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.