7 ქვეყანა, რომელიც მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისთვის უცხოელებს ფულს უხდის

მცირე მოსახლეობის, წამყვანი კადრების გადინებისა და რიგი სხვა პრობლემების გამო პოპულარული ტურისტული ქვეყნები ახალი რეზიდენტების მისაზიდად მზად არიან, 14,000-დან 90,000 დოლარამდე გადაიხადონ.

The New York Post შვიდი ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ნაკლებად ცნობილ რეგიონებში ახალი მცხოვრებლების მისაზიდად მზად არიან, მათ თანხა გადაუხადონ.

ირლანდია

ირლანდია 87,000 დოლარამდე გრანტს სთავაზობს მათ, ვისაც სურს, მის ოფშორულ კუნძულებზე საცხოვრებლად გადავიდეს და ცარიელი სახლი გაარემონტოს. ქვეყანა ცდილობს, გააცოცხლოს და მომავლით უზრუნველყოს, თითქმის, 30 კუნძული, სადაც 3,000 ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი პირობა ახალ სახლში, მინიმუმ, 10 წელი ცხოვრებაა. პროგრამა ყველასთვის არის გათვლილი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დისტანციურად დასაქმებულებს ეთმობა, რაც კუნძულების ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის აუცილებელია.

შვეიცარია

შვეიცარიის ალპებში მდებარე სოფელი, ალბინეტი 45 წლამდე ახალ მცხოვრებლებს 23,000 დოლარს, ხოლო თითოეულ ბავშვზე 11,500 დოლარს სთავაზობს. მთავარი პირობა ალბინეტში, მინიმუმ, 10 წელი ცხვორება და ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაა.

ესპანეთი

ესპანეთის ქალაქ პონგაში (ჩრდილოეთ ასტურია) საცხოვრებლად გადასვლისთვის 3,200 დოლარს და თითოეულ ბავშვზეც ამავე ოდენობის თანხას იძლევიან. ქალაქი ტურისტული მარშრუტებისაგან დაშორებული, თუმცა მთის პეიზაჟებით სავსეა. ამასთან, რეგიონი თავისი ღვინით არის ცნობილი.

საბერძნეთი

საბერძნეთის ანტიკითერა ყოველთვიურად 500 დოლარზე მეტს გადაუხდის პირს კუნძულზე საცხოვრებლად გადასვლიდან სამი წლის განმავლობაში. პროგრამა ცხოვრების აღსადგენად ახალგაზრდა ოჯახების მიზიდვას ცდილობს. ამჟამად კუნძულზე მუდმივი მცხოვრებლების რაოდენობა 45 ადამიანს შეადგენს.

იტალია

იტალიის რეგიონი, კალაბრია მეჩხრულად დასახლებულ სოფლებში განსახლებისთვის 30,000 დოლარს იხდის. მთავარი პირობა ბიზნესის გახსნა ან მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყება, ასევე, 40 წლამდე ასაკი და ახალ საცხოვრებელ ადგილას პროგრამაში ჩართვიდან 90 დღის განმავლობაში გადასვლაა. ასევე, ქვეყნის დასახლებული პუნქტები, აპულია, პრესიჩე და აკვარიკა სახლის შესაძენად და ახალ საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაციისთვის 30,000 დოლარს გადაიხდიან, ხოლო ბავშვებიანი მცხოვრებლები დამატებით 1,080 დოლარს მიიღებენ. ამასთან, სარდინიის ერთ-ერთ დასახლებაში გადასვლისთვის, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა 3,000 ადამიანს არ აღემატება, სახლის შეძენის ან გარემონტების შემთხვევაში პირი ფულადი ჯილდოს სახით 16,200 დოლარს მიიღებს. მთავარი პირობა სარდინიაში მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღებაა.

იაპონია

იაპონიის რეგიონული აღორძინების პროგრამა 31,000 დოლარამდე გრანტს სთავაზობს ახალ მცხოვრებლებს, რომლებსაც სოფლად გადასვლა სურთ.

კანადა

კანადის პროვინცია, სასკაჩევანი გადასახლებულ პირს ადგილზე სამუდამოდ დასახლებამდე ოთხი წლის განმავლობაში 14,400 დოლარად სწავლის ღირებულებას დაუფინანსებს, რადგან პროვინციას კვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება.