უკვე ცნობილია მეტერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვის რა ფუნქცია ექნება “ქართული ოცნების” 89 დეპუტატიდან. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება, სიახლეა სპიკერატში, დამტკიცეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც, ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მანდატებს ტოვებენ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მოქმედი და ყოფილი პრემიერები ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს, შესაბამისად, პირველი სხდომის გახსანზე პრეზიდენტმა უარი თქვა და მის ნაცვლად უხუცესი წევრი ლადო კახაძე წარსდგა. ოპოზიცია ამბობს, რომ ის, რაც პარლამენტში 25 ნოემბერს მოხდა, არაკონსტიტუციურია, ნაწილმა მანდატების ჩახსნაზე უკვე დაიწყო ოფიციალური პროცედურები.
პარლამენტის პირველმა სხდომამ შენობის გარე აქციის ფონზე ჩაიარა, პროტესტის მონაწილეებმა კარვები ჯერ კიდევ 24 ნოემბერს საღამოდან გაშალეს და გაათენეს. დღის განმავლობაში ოპოზიციონერების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება” შეიქმნა – ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები – რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
“ქართული ოცნების” სიით 89 დეპუტატი შევიდა პარლამენტში, სადაც “ხალხის ძალის” წარმომადგენლებიც იყვნენ, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში” საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.
ამბობს, რომ შესაძლოა, უმრავლესობამ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესში ცვლილებები „ხალხის ძალის” თხოვნით კვლავ შეიტანოს, რათა მუშაობა პოლიტიკური ჯგუფის სახელით დაიწყონ.
როგორ დაკომპლექტდა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი
როგორც აღინიშნა, პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა, რეგისტრაცია მხოლოდ “ქართული ოცნების” 89 წევრმა გაიარა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და შესაბამისად, სხდომას არ დასწრებია. მიწვეულები არ იყვნენ არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პირველ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, საქართველოს სახალხო დამცველი, სასამართლოს წარმომადგენლები, თბილისის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება, მან პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი. სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.
პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება, “ქართული ოცნების” 88 დეპუტატმა ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა.
პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც დაამტკიცა. კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – გივი მიქანაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ირაკლი ზარქუა; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – დავით მათიკაშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე; სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ზაზა ლომინაძე.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.
პარლამენტმა, პირველ სხდომაზე, საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად კომიტეტებში კვოტები დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საპარლამენტო კომიტეტი 11 წევრით იქნება წარმოდგენილი, საიდანაც შვიდი წევრი უმრავლესობას ეყოლება. კომიტეტებში ოთხი წევრის შეყვანა შეუძლია ოპოზიციას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ.
რას ამბობს ოპოზიცია და პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 ნიემბერს განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„შავი ორშაბათი” საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების” მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს”, – წერს პრეზიდენტი.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ასაჯაროებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ითხოვს, რომ პარტიული სიიდან მოიხსნას ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით.
“2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე სუვერენიტეტის მთავარ წყაროს – ქართველ ხალხს ჩამოერთვა ხელისუფლების ფორმირების კონსტიტუციური უფლება და არჩევნები იქცა “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მითვისების ფორმალურ წინაპირობად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ე.წ. პარლამენტის შეკრება წარიმართა კონსტიტუციური დათქმის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე.
უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ საარჩევნო შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და, შესაბამისად, არა მხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ ლეგალურობის (ფორმალურ-კონსტიტუციური) კუთხით ე.წ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად. გასათვალისწინებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ უღიარებია პრაქტიკულად არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს.
“შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.
“აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით.
„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა”, – წერს ნიკა გვარამია.