რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც „თალიბანის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, შოიგუ „თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერებს, ასევე ეკონომიკის, ტრანსპორტის და უშიშროების მინისტრებს შეხვდა.
როგორც სერგეი შოიგუმ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რუსეთი მზად არის, რომ ავღანეთთან „ყველა მიმართულებით“ ითანამშრომლოს. „მხარს ვუჭერთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც, მათ შორის, ავღანეთის შიდა პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
ავღანური მედია იუწყება, რომ ქაბულში ვიზიტის დროს შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა, რომლის მიხედვით ისლამური ქვეყანა „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება, რათა მომავალში ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს.