აშშ-ის სენატორი მარშალი ქალისა და მამაკაცის სქესის განსაზღვრის დაკანონების ინიციატივით გამოდის – კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ყოველი ადამიანი არის ან მამაკაცი, ან ქალი“, და რომ „არავითარ შემთხვევაში ადამიანის სქესი არ განისაზღვრება რაღაცა პირობებით ან თვითიდენტიფიკაციით“

აშშ-ის კონგრესის სენატორმა კანზასიდან როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერული იდეოლოგიის მომხრეთა წინააღმდეგ არის მიმართული და ქალისა და მამაკაცის მცნებას „ბიოლოგიური“ ჭეშმარიტების თვალსაზრისით ადგენს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

როჯერ მარშალი

კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა „ 2024 წელს მამაკაცისა და ქალი სქესის განსაზღვრის შესახებ“, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს მამრობითი და მდედრობითი სქესის განსხვავებებს.

წარმოდგენილ კანონპროექტში, რომელსაც მხარს რამდენიმე კონსერვატიული ორგანიზაცია უჭერს, ნათქვამია, რომ ამგვარი განსხვავება საჭიროა სქესის, როგორც ბიოლოგიური ჭეშმარიტების განსაზღვრებაში მზარდი გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად.

„როგორც ექიმმა, რომელიც 5 ათასზე მეტ მშობიარობას დავესწარი, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ბავშვებში სქესის თემის პოლიტიზება ანგარებით და საკუთარი რადიკალური მიზნებისთვის ამის პაიკივით გამოყენება არამხოლოდ არასწორია, არამედ ძალიან სახიფათოა. მე არ მეგონა, რომ დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომელიც გვეტყოდა, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა“, – თქვა მარშალმა.

მარშალი არის მეორე „რესპუბლიკელი“, რომელმაც ამ საკითხზე კანონპროექტი შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მანამდე „რესპუბლიკელმა“ ნენსი მეისმა ამ თვეში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში კაცებს ქალების საპირფარეშოში შესვლას უკრძალავს. ამ კანონპროექტის მიხედვით, „დემოკრატი“ სარა მაკბრაიდი დელავერის შტატიდან, რომელიც საკუთარ თავს ქალად მიიჩნევს, ვერ ისარგებლებს ქალების საპირფარეშოთი.

მარშალის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ყოველი ადამიანი არის ან მამაკაცი, ან ქალი“, და რომ „არავითარ შემთხვევაში ადამიანის სქესი არ განისაზღვრება რაღაცა პირობებით ან თვითიდენტიფიცირებით“.

მარშალის კანონპროექტს „რესპუბლიკელი“ სენატორები აიდაჰოდან ჯეიმს რიში და მაიკ კრაპო, აგრეთვე მისისიპიდან სინდი ჰაიდ-სმიტი უჭერენ მხარს. კანონპროექტს აგრეთვე დადებითად აფასებენ ისეთი კონსერვატიული ჯგუფები, როგორიცაა Heritage Action, Family Research Council, Concerned Women of America და Alliance Defending Freedom.

„ჩვენ სქესის იურიდიული განმარტების კოდიფიცირება უნდა მოვახერხოთ, რათა ის დაეყრდნოს მეცნიერებას და არა გრძნობებს. ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის თავდასხმას ბავშვებზე გავანეიტრალებთ“, – დასძინა სენატორმა.