ბიძინა ივანიშვილი: ეჭვგარეშეა, მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში

„დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის განცხადებით, ყაველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში. მიხეილ ყაველაშვილი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.