პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას ნიშნავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს „თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, რადგან ამის უფლება მისცეს“.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტრაგიკომედიაა, რადგან „ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას დასცინის“.
„საქართველოში პიროვნების კულტი დამყარდა, ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთპარტიული სისტემა. შესაბამისად, რელიგიური აღქმაა ამ ყველაფრის. იმის გათვალისწინებით, რომ პიროვნების კულტია, მისი სურვილი არის კანონი. მას შეუძლია ნებისმიერი მოსაზრებით, რაც შეიძლება ყველასთვის გაუგებარი იყოს, რაღაც ნაბიჯები გადადგას. მას თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, ამის უფლება მისცეს. გარკვეულწილად დაგვცინის კიდეც. მის ამ ნაბიჯში ქართული საზოგადოების მიმართ გარკვეული ირონია არის. ამით ის ხაზს უსვამს, თუ რა მდგომარეობაში ვართ ყველა და როგორ აბსურდულად შეუძლია ნებისმიერი აბსურდული გადაწყვეტილების მიღება. ამის ფუფუნება აქვს მას პირადად. რა კომენტარი გავაკეთო მეტი? სერიოზულად ყაველაშვილზე როგორ ვისაუბრო? ვერ ვისაუბრებ…“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლება აერჩიათ მიხეილ ყაველაშვილი, გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები და ზრახვები „შეუცნობელ არს“.
„ის თვლის, რომ ღმერთი არის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების ანალიზს აზრი არ აქვს. მისი გზები არის შეუცნობელი. ადამიანური ლოგიკით ეს ტრაგიკომედიაა. არც ტრაგედია არის და არც კომედია იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა ადამიანურ ენაზე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მან ეს ბოლო ინსტიტუტი, ბოლო სანთელიც ჩააქრო ქართულ ინსტიტუციურ დემოკრატიაში და ისიც საბოლოოდ მიისაკუთრა. ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს ინსტიტუტიც უკვე არის გაუქმებული. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა პრეზიდენტის ინსტიტუტს გაუქმებას ნიშნავს. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებაზე? ეს ხომ აბსურდი იქნება. მართლა შეეძლო პინგვინის დანიშვნა, არ შეეძლო? შეეძლო, მაგრამ მთლად პინგვინი არ დანიშნა“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყო და გააუქმა კონსტიტუცია“.
„მან თქვა, კონსტიტუციაც მე ვარ, კანონიც მე ვარ, ყველა ინსტიტუტიც მე ვარ და კანონიც, მეტი არაფერი არსებობს ამ ქვეყანაშიო. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში თბილისის ცენტრში მავზოლეუმის ან პირამიდის მშენებლობაც დაიწყოს, ფარაონობა უფრო მოსწონს თუ ლენინის როლი, არ ვიცი. აი, ასეთი სევდიანი ვითარება გვაქვს“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.