გერმანიის სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტი – რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

რუსეთი აგრძელებს მზადებას დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაგრამ მანამდე, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცადოს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტმა, ბრუნო კალმა განაცხადა.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტი - რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

„საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატო-ს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლით. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან „საგანგებო სიტუაცია“ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის, რომელშიც ალიანსის სხვა წევრები „შესაბამისად რეაგირებას არ მოახდენენ“, – აღნიშნა კალმა.

მან მაგალითად დაასახელა შესაძლო მოკლევადიანი თავდასხმა ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე „ტერიტორიული გაწმენდის“ მიზნით. „დოიჩე ველე“ განმარტავს, რომ რუსეთს განსაკუთრებული უფლებები აქვს სვალბარდში, მაგრამ ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგზე უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა.

რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი ინტერვენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ბრუნო კალის თქმით, არის კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით.

„თუ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება გამოყენებული მსგავს კონფლიქტებში, ნატო, როგორც თავდაცვითი ალიანსი, დამარცხდება – ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი. თუ დახმარების დაპირება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია გააფართოოს თავისი გავლენა ევროპაში ძალაუფლების აგრესიული პოლიტიკით“, – აღნიშნა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ბრუნო კალმა გაიმეორა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს რუსეთს ექნება საკმარისი რესურსი დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის. მან ეს მოსაზრება პირველად ოქტომბერში ბუნდესტაგში გამოსვლისას გამოთქვა, შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში დაზვერვის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგს ეძღვნებოდა.