მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპს შეხვდა და მას რეფორმებში მხარი დაუჭირა

მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელის, ფეისბუკის მფლობელი კომპანიის, Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და მისი „ეროვნული აღორძინების პროგრამას“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ foxbusiness იუწყება.

მარკ ცუკერბერგი და დონალდ ტრამპი

ცუკერბერგის და ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა დაადასტურა.

„მარკ ცუკერბერგმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს იმ ცვლილებების ნაწილი იყოს, რასაც ჩვენ აშშ-ში და მთელ მსოფლიოში თვალს ვადევნებთ და იმ რეფორმებს, რომლებსაც დონალდ ტრამპი უდგას სათავეში“, – განაცხადა სტივენ მილერმა.

მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური კომპანიის გენერალურ დირექტორს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ ის განიხილავს ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას, როგორც „ნაციონალური განახლების“ შანსს.

მიმდინარე წლის ივლისში ტრამპმა ცუკერბერგს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური რეაქციისთვის რაც Meta-ს დირექტორმა ტრამპზე 13 ივლისს პენსილვანიის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გამოხატა.

„იმის ყურება, თუ როგორ დგება ტრამპი ფეხზე მას შემდეგ რაც სახეში ესროლეს და დროშით ხელში მუშტს იქნევს, არის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მოვლენა, რაც მე ცხოვრებაში ვნახე“, – განუცხადა მაშინ ცუკერბერგმა სააგენტო Bloomberg-ს.

ცუკერბერგის ვიზიტი პალმ-ბიჩში მას და ტრამპს შორის პირველი კონტაქტი არ არის. აგვისტოში ტრამპმა განაცხადა, რომ მას Meta-ს გენერალურ დირექტორთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ცუკერბერგმა ფაქტობრივად უთხრა, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ის მხარს არ დაუჭერს.