უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის ნატოში მიწვევის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება, წერს European Pravda.
ზელენსკიმ სტარმერს უთხრა, რომ დღეს რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი რაკეტა და 100-მდე დრონი გამოიყენა.
„ორივე ლიდერმა განიხილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება და შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ევროპელ ლიდერებთან იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის ყველაზე ძლიერ პოზიციას ნებისმიერი მოვლენის წინაშე“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინას ნატოში მიწვევა და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობის გაზრდა სჭირდება.
გარდა ამისა, ლიდერები შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ასწლიანი პარტნიორობის შესახებ.