„აშშ თქვენს გვერდით დგას“ – ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 28 ნოემბრის ღამეს განხორციელებულ მასიურ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენმა რუსეთის ავიაიერიშს „საშინელი“ და „ძალადობრივი“ უწოდა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელების მხარდაჭერის აუცილებლობასა და მნიშვნელობას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში.

„უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ რუსეთმა დაახლოებით 200 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რითაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომას ართმევს. აშშ თქვენს გვერდით დგას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, რუსეთი კვლავ არ აფასებს უკრაინის მოქალაქეების მონდომებას, გამძლეობასა და გამბედაობას.

„აშშ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინას და მის ბრძოლას თავისუფლებისთვის,” – ხაზგასმით აღნიშნა მან.