გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინას და მის მხარდამჭერებს მოუწოდა, რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების დიპლომატიური გზები განიხილონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს.
„ამ ომში პუტინმა არ უნდა მოიგოს, ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს ინტერესებშიც შედის“, – განაცხადა მან.
მერკელის თქმით, როგორც კანცლერმა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ასეთი ესკალაცია თავიდან აეცილებინა.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, რომელიც მან (ვლადიმერ პუტინმა) უკრაინასთან დაკავშირებით ჩაიდინა”, – განაცხადა მერკელმა.
ამასთან, ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, რომ „დიპლომატიური გადაწყვეტილებები ყოველთვის პარალელურად უნდა განიხილებოდეს“. მისივე თქმით, ეს საკითხები ახლა არ უნდა განიხილებოდეს, არამედ როცა ამის დრო დადგება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება დადგეს ასეთი დრო.
მერკელმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს იმას, რასაც გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის აკეთებს და ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება გაუჭირდება.
„მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერ ყველაფერს, რასაც საერთაშორისო საზოგადოება აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა კარგ მდგომარეობაში დააყენოს“, – განაცხადა მერკელმა.