მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა.