ორბანი: არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს მშვიდობასთან და ომი არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე „ორეშნიკის“ რაკეტით განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ომი არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან უკრაინიდან ორი „შოკისმომგვრელი ამბავი“ მოვიდა.

„ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს მშვიდობასთან და ომი არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ რუსებმა ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომელსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია.

„არ მინდა, რომ ეს სადმე ჩამოვარდეს. თუ რუსები მას განათავსებენ, ეს იქნება მსოფლიო ომი ბირთვული შინაარსით. ამან ყველა დაგვაფიქრა“, – განაცხადა ორბანმა.

მეორე სიახლე, მისი თქმით, არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ფრონტზე იღუპებიან.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხალხი ამბობს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ომს, ვაგზავნით იარაღს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ასევე გვჭირდება ექსპერტები და მრჩევლები. ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მივდივართ იქამდე, როცა სამხედრო სტატუსში მყოფი ამერიკელები და ფრანგები შეიძლება ფრონტზე დაიღუპონ. დასავლეთის წარმომადგენლები უკვე იღუპებიან უკრაინაში, ეს უკიდურესად საშიში მომენტია“, – განაცხადა მან.

ორბანმა ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტს „ჯერ კიდევ სურს ომის გაგრძელება და მისი ინტენსივობის გაზრდაც კი“.

„მათ თქვეს, რომ უკრაინელებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, ამას ამერიკაც დათანხმდა ბოლო დღეებში და სამწუხაროდ, ტრამპის ეფექტი ომში ჯერ არ იგრძნობა“, – აღნიშნა ორბანმა.