“ლონდონში გათენდა”, — ასე ასათაურებს სოციალურ ქსელში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩევაძე ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის აქციების ფასის კლებას.
ის სოციალურ ქსელში ორივე ბანკს მიმართავს, რომ ხმა ამოიღონ.
“ამოიღებთ ხმას, თუ დაელოდებით, როდის გაგინულდებათ აქციების ფასი და ხალხი მოგაწყდებათ დეპოზიტების გასატანად? და მერე რა მოხდება, ჩემზე უკეთ იცით”, — წერს ბესო ნამჩევაძე.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების დაცემა 28 ნოემბერს ოცნების ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას დაემთხვა.
ბოლო 1 საათში ქართული აქციების ფასები კიდევ შემცირდა. 28 ნოემბრის 14 საათის მონაცემებით TBC ბანკის აქციების 5.12%-თაა შემცირებული და ღირებულება 3.055 GBX-ია (პენი სტერლინგი), რაც შეეხება საქართველოს ბანკს, მისი აქციების ფასი 4.4%-თაა შემცირებული და 4.775 GBX-ია.