რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრეი ბელუსოვი ჩრდილოეთ კორეაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში

„ოფიციალური ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრების გამართვა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, რუსეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სუნანის საერთაშორისო აეროპორტში კორეის სახალხო არმიის საპატიო დაცვის ასეულის მონაწილეობით.

„ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი არმიის გენერალი მიესალმა რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს“,  აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

11 სექტემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მიიღო ახალი Hwasong-11 ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეისგან და გამოიყენა ისინი ამ ზაფხულს კიევზე იერიშისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის რეგიონში  11 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცია. მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.