სააკაშვილის შეწყალების საკითხი ისევ ამოტივტივდა – ოპოზიცია ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ისევ უბიძგებს

იმის ფონზე, რომ საპროტესტო მუხტმა აიწია და თან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააქტიურდა, ოპოზიციაში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ამ ახლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქციაზე ყოფნა მნიშვნელოვანია და მოქმედ პრეზიდენტს მოუწოდებენ, „სანამ დროა შეიწყალოს”. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი საბოლოოდ მაინც გადადგას.

„სალომე ზურაბიშვილისგან გამორიცხული არაფერია. შესაძლოა მან სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ მას ავიწყდება ერთი რამ, რაც არ უნდა შეიწყალოს, ის ციხიდან მაინც ვერ გამოვა”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან”.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ თუ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ, უმჯობესი იქნება, მან დროებით ქვეყანა დატოვოს.

„დღეს ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ გამორიცხული არ არის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუმცა რამდენად მიზანშეწონილი იქნება მიშას აქციაზე ყოფნა, ესაა საკითხავი, რადგან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ დააპატიმრონ. ამიტომ თუ მას გაათავისუფლებენ, უმჯობესია, რაღაც პერიოდი ქვეყანა დატოვოს,” – უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს”.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის ყოფნა აქციაზე „ქოციანობას” დაასრულებდა.

„მიშას ყოფნა აქციაზე დაასრულებდა ქოციანობას. აქციაზე მიშას ყოფნას სჭირდება სალომეს ხელმოწერა. ევროპის პოზიცია მიშას მიმართ სალომეს მოქმედებაზე ნათლად წერია რეზოლუციაში. ეს არის ფაქტები, დანარჩენი ლირიკაა”, – წერს გიორგი ჩალაძე.

როგორც ედიშერ გვენეტაძე ამბობს, პრეზიდენტმა სააკაშვილი სულ რომ შეიწყალოს ის ციხიდან მაინც ვერ გამოვა, რადგან მასზე ძალიან ბევრი საქმეა აღძრული და ჯერჯერობით განაჩენი დამდგარი არაა.

„მე ასე ვფიქრობ, ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს და სააკაშვილს შეიწყალებს, რადგან მას მეტი არაფერი დარჩენია. ის არის ნამდვილი პოლიტიკური ავანტიურისტი და ჩვენი ქვეყნის მტერი, რომელიც დასავლურმა გლობალური ომის პარტიამ შემოგზავნა. ის ყოველ წუთს ცდილობს საქართველოში სიტუაციის აყირავებას. აქ რომ არჩევნები ჩაეტარებინა ჯორჯ ვაშინგტონს, უისტონ ჩერჩილს, ან მსოფლიოში ყველა გამოჩენილ დემოკრატს ერთად, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის ხელმძღვანელობა ამ არჩევნებს მაინც გაყალბებულად გამოცხადებდა, ვინაიდან როგორც თევზისთვის არის წყალი აუცილებელი, ისევე არის საქართველოში მათთვის აუცილებელი ხელისუფლების შეცვლა. ეს იმიტომ, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და უნდათ იქიდან ყურადღების გადმოტანა საქართველოში. ამავე დროს, მათ სურთ საქართველოს დასჯა იმისათვის, რომ იმ უბედურებაში არ ჩაერთო, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ამიტომ ყოველგვარ სისაძაგლეზე წამსვლელია სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მას ავიწყდება ერთი რამ, სააკაშვილი, რაც არ უნდა შეიწყალოს, ის ციხიდან მაინც ვერ გამოვა, რადგან მასზე ძალიან ბევრი საქმეები აღძრული და ჯერჯერობით განაჩენი დამდგარი არაა.

„ეს, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მოდის. ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლება პირდაპირ ჩაწერეს და წარმოიდგინეთ, ეს რა დროს? როდესაც თავად სტრასბურგის მიერ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ. დასავლეთის დღევანდელმა ბიუროკრატიამ გაიხადა მთლიანად ტანსაცმელი და წარსდგა კაცობრიობის წინაშე – ფულისთვის და საკუთარი ინტერესებისთის ყველაფერს იკადრებენ”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან”.