უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ახლა ცდილობს სიტუაციის ესკალაციას ისე, რომ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინს არ სჭირდება ომის დასრულება და კრემლის ხელმძღვანელს „სურს, ამ ომის დასრულებაში სხვებს ხელი შეუშალოს“.
ამიტომ, უკრაინის ლიდერის აზრით, პუტინი „ორეშნიკის“ რაკეტას „იქნევს“ იმისათვის, რომ ჩაშალოს ტრამპის ძალისხმევა, რომელიც „ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მოხდება“.
„ახლა პუტინს სიტუაციის ესკალაცია სურს, რათა პრეზიდენტმა ტრამპმა წარმატებას ვერ მიაღწიოს და ომის დასრულება ვერ შეძლოს“, – აღნიშნა ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე და ერთადერთი, ვისაც ომის სჯერა.
„სწორედ ამიტომ, პუტინის ესკალაცია ახლა არის ზეწოლა, რათა შემდგომში აიძულოს აშშ-ის პრეზიდენტი, დაეთანხმოს რუსეთის პირობებს”, – დაასკვნა მან.
ინფორმაციისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, „კიევის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების წინააღმდეგ“ „ორეშნიკის“ რაკეტა გამოიყენოს.