სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამაგრდება?! – იქნება თუ არა ქვეყანაში “ორპრეზიდენტიანობა” და რა მოხდება 14 დეკემბრის შემდეგ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელიც მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც პოლიტიკურ სენსაციას შეიძლება მივაკუთვნოთ.

“სამომავლოდ „იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს! ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. 14 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს ახალ პრეზიდენტს, რომელიც, თუ რამე სასწაული არ მოხდა, მიხეილ ყაველაშვილი იქნება. სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს ამ არჩევნებს და სავარაუდოდ, არც პრეზიდენტის რეზიდენციას – ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

არავის ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციას ფიზიკურ დაცვას შეეცდებიან. რა თქმა უნდა, უაზრობაა იმაზე მსჯელობა, შეეცდება თუ არა სპეცრაზმი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ძალით გამოყვანას.

სალომე ზურაბიშვილის დასავლეთის კონტაქტებიდან გამომდინარე, არც ის გამორიცხოთ, რომ დასავლეთმა ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

მოკლედ, 14 დეკემბრის შემდეგ შესაძლოა, საქართველოში “ორპრეზიდენტობა” ვიხილოთ, აქედან გამომდინარე ყველა სახიფათო შედეგით.

 

კვირის პალიტრა