საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს, აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის.

როგორც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “მონებო, მონებო”. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამასთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ანათებენ ლაზერებს და ისვრიან სხვადასხვა საგნებს.

შეკრებილებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.