საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს “ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“ წერილი გაუგზავნა, რაც მისი თქმით, დასტურია, რომ არჩევნები არის აღიარებული.
-
როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. ასევე, მისი განცხადებით, წერილში საუბარი არაა ე.წ. გაჟონვის საკითხზე.
“ეუთო/ოდირი არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და გრძელდება შემდეგ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც მთავარი სადამკვირვებლო მისიაა, ეს არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული. ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საქართველოს საგარეო მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით: საუბარია იმაზე, რომ “საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“.
ძალიან მნიშვნელოვანია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება.
რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ამაზეცაა წერილში საუბარი. საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ პირობებში. აქ ასევე, საუბარია გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებზე. ასეთი ტერმინია გამოყენებული: “გარკვეული კრიტიკული შენიშვნები“ და ჩამონათვალია ასეთი: ამომრჩეველზე ზეწოლასა და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა. იცით, რომ მთავარი თემა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ, ე.წ. გაჟონვის საკითხი, საერთოდ არაა ნახსენები წერილში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი აქტუალური საერთოდ არ იყო. ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას, საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და ობიექტური შეფასებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.