რას მოიტანს ს. ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტის არდათმობა და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა (ნაწილი მეორე)

(ნაწილი 1-ლი იხ.). “პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. უკვე კეთდება განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთგვარი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და ტექნიკური მთავრობის შესაძლო ფორმირებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2019-2020 წლების პოლიტიკურ კრიზისს ვენესუელაში. მიდის თუ არა პროცესები ერთგვარი ორხელისუფლებიანობისკენ?

პარალელურად, უკვე ტენდენციის სახე მიიღო პროცესმა, როდესაც სახელმწიფო მოხელეთა ნაწილი საჯაროდ ავრცელებს განცხადებას და ემიჯნება ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებულ ცნობილ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო 2028 წლამდე აღარ დასვამს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. შესაბამისად, არალეგიტიმიურია ამ არჩევნების შედეგების საფუძველზე შემდგარი პარლამენტიც და ის ხმოსანთა 300-კაციანი კოლეგიაც, რომელმაც ახალი პრეზიდენტი უნდ აირჩიოს.

აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, სანამ არ ჩატარდება ახალი, ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვენესუელის პრეცედენტი საქართველოსთვის – მიდის თუ არა ყველაფერი “ორხელისუფლებიანობისკენ”.

“მანამდე კი, პრეზიდენტის აზრით, იქნება “გარდამავალი პერიოდი”. “დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე. ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, რადგან მე არ ვხელმძღვანელობ პროტესტს ქუჩაში, რომელიც ძალიან სპონტანურია. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს. იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ეს უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური… ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა და ამ გარდამავალ პერიოდს თუ დასჭირდება, ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს”, – აცხადებს პრეზიდენტი. “ქართული ოცნება” კი არ აპირებს უკან დახევას”, – აღნიშნავს გამოცემა.

“პრემიერმა გამოაცხადა, რომ შაბათს უკვე დაინიშნენ ახალი მთავრობის წევრები და 14 დეკემბერსაც ჩვეულებრივად ჩატარდება პარლამენტში ახალი პრეზიდენტის არჩევა. “გაცნობებთ, რომ გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული”, – განაცხადა 1-ლ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება პარალელებს ვენესუელის მოვლენებთან, 2019 წელს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთმა არალეგიტიმურად სცნო და მასში ოფიციალურად გამარჯვებული ნიკოლას მადურო არ აღიარა კანონიერ პრეზიდენტად. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დროებითი მთავრობა და შედეგად, ქვეყანაში შეიქმნა ორხელისუფლებიანობა. საბოლოოდ, მადურომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ვენესუელას დროებითმა მთავრობამ კი ფორმალურად 2023 წლამდე იარსება, რის შემდეგაც თვითლიკვიდაცია გამოაცხადა”, – განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ხემძღვანელობით საბჭოს შექმნა საკმაოდ რეალურია და შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებამ ის აღიაროს კიდეც. “მე ასე მგონია, რომ შეიქმნება საბჭო, რომელშიც იქნება პოლიტიკური წარმომადგენლები. გამორიცხული არაა იქ შევიდეს სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა ცნობადი სახეები. შესაძლოა, მას ერქვას “სათათბირო ორგანო”, ან “ეროვნული საბჭო”. ვნახოთ. სხვა საკითხებთან ერთად შესაძლებელია, მათ იმუშაონ ამ საბჭოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებაზე. ამის მაგალითი იყო ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ოპოზიციის მიერ შექმნილი საბჭო აღიარა და არ აღიარა პრეზიდენტის არჩევნები”, – ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, “შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს საქართველოში და ეს სამართლებრივად აღქმული იყოს ისე, რომ ქვეყანაში პრეზიდენტია ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო”, – დასძენს გამოცემა.

“ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ასეთი საბჭო შეიქმნას იქამდე, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. თითქოს რაღაც ორხელისუფლიანობის პირობებში ვიცხოვრებთ. ამის გარდა, თუ ხელისუფლება რამე კომპრომისულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, 14 დეკემბრამდე სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას ვვარაუდობ. რასაკვირველია, თუკი შეიქმნება რაიმე მსგავსი საბჭო, ხელისუფლებას რეაქცია ექნება. ისინი გამოაცხადებენ, რომ ვინც იქაა, ყველა უცხოელი აგენტია, მუშაობენ კარნახით, არ ემსახურებიან ეროვნულ საქმეს და თითოელ მათგანზე განახორციელებს დისკრედიტაციას”, – თვლის ნიკა ჩიტაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი საბჭო შეიქმნას, ოღონდ, მისივე თქმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – წერს სტატიის ავტორი.

“დიდი ალბათობით, შეიქმნება საბჭო, რადგან მათ განზრახული აქვთ გამოიყენონ წინააღმდეგობის ყველა ფორმა. შესაბამისად, საკორდინაციო საბჭო, პრეზიდენტის ხელმძღვანელობის, ოპოზიციის და მათთან აფილირებული სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით იქნება ის წინააღმდეგობრივი, კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა, რის შექმნასაც ისინი შეეცდებიან. მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ და დავუშვათ, ხელისუფლებამ დაგეგმა სალომე ზურაბიშვილს კანონით და ძალის გამოყენებით დაატოვებინოს საპრეზიდენტო რეზიდენცია. ეს იქნება ოპოზიციისთვის გარკვეული საინფორმაციო ფონის შესაქმნელი საშუალება, განსაკუთრებით დასავლეთის თვალში, რომ აი, ხედავთ როგორ ექცევიან ახლახანს გადამდგარ პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, დასავლეთში ამას რა რეაქცია მოჰყვება, რადგან მათთვის დღეს ზურაბიშვილი მთავარი კომუნიკატორია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ამაზეა გათვლილი და გარდა ამისა, იმაზეც, რომ კიდევ ერთი ხმაური და დაპირისპირება მოაწყონ, რომელიც მერე მედიით გაშუქდება და სავარაუდოდ, მათი აზრით, მოემსახურება ოპოზიციური ელექტრორატის მობილიზებას.”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“სხვა დატვირთვას მე ამაში ვერ ვხედავ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს, წესით და რიგით, ვადა გაუდის, თუ ის ქვეყნის კანონმდებლობის და კონსტიტუციის ერთგულია, მან უნდა გამოავლინოს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა და დაემორჩილოს. თუმცაღა მისი ბოლოდროინდელი მოქმედებებიდან მე ნაკლებად მაქვს ამის მოლოდინი და მისი ბოლო ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ საბჭო შეიქმნა, მისმა წევრებმა მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას ამ საბჭოს აღიარების თაობაზე, რადგან ვენესუელის მაგალითის განმეორების იმედი აქვთ აქაც. იქ დასავლეთის ქვეყნებმა ხუან გუაიდო აღიარეს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვიდრე ოპოზიციის გამოსვლები არ ჩაცხრა, მანამდე იყო ასეთი “ორხელისუფლებიანობა”, ანუ ერთი მხრივ მადურო და, მეორე მხრივ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გუაიდო. თუმცა, ჩვენ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ანუ, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალდებულია გამოვიდეს და გადადგეს. ამის შემდეგ ვინ ჩათვლის მას ლეგიტიმურად და ვინ არა, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“წესით და რიგით, როცა შენ კონსტიტუციური ვადა გეწურება, უნდა წახვიდე. თუმცაღა, როგორც მოგახსენეთ, ის აპირებს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევას. საბჭოს შექმნაზე ხელისუფლების რეაქცია მგონი საკმაოდ პროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ამ საბჭოს არ აღიარებს და იტყვის, რომ ეს არის მორიგი უკანონო სტრუქტურა. მეორეც, ოპოზიცია ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს, თუ ის დაიწყებს ალტერნატიული ორგანოების შექმნას, რადგან მაშინ კითხვა დაისმევა, თუ რა ლეგიტიმაცია აქვთ საამისოდ? ამ შემთხვევაში მათ უნდა მოიშველიონ არჩევნების შედეგები, ხომ? თუ ასე მოხდა, გამოდის, რომ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებენ. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, ამ ალტერნატიულ სტრუქტურას დიდი დღე ჰქონდეს”, – თქვა ანჯაფარიძემ. ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ რადგან სახელისუფლებო სტრუქტურებში ეს პროცესი დაიწყო, ამას უფრო ფართო სახეს ექნება და ნელ-ნელა ხელისუფლება საჯარო სექტორზე კონტროლს დაკარგავს” – განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ვინაიდან შეიქმნა პრეცედენტი, რომ საჯარო სამსახურებში ხალხი უკვე ღიად გამოდის და აფიქსირებენ აზრს, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ “ოცნება”, შესაძლოა, ნელ-ნელა კონტროლს კარგავდეს სხვადასხვა სამინისტროებზე და ზოგადად, საჯარო უწყებებზე. კარგია, რომ პრეზიდენტი მიესალმა საჯარო სამსახურში დასაქმებულების პროტესტს, ასევე მოუწოდა თანამდებობებიდან არ გადადგნენ და დარჩნენ თანამდებობაზე, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და არა კონკრეტულ პირებს”, – ამტკიცებს ნიკა ჩიტაძე. ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ამ კრიზისმა ხელისუფლებას სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში პოლიტიკური ოპონენტების გამოვლენის საშალება მისცა და გამორიცხული არაა, მათ ნაწილს თანამდებობების დატოვებაც მოუწიოს”, – დასძენს სტატიის ავტორი.

“მემგონი ხელისუფლების ეს ინიციატივა, რომ 2028 წლამდე შეეჩერებინა ევროინტეგრაციის პროცესი, დაეხმარა მას, რომ გამოევლინა სახელისუფლებო სტრუქტურებში და სამინისტროებში მყოფი ოპონენტები. რეალურად ასე მოხდა, რადგან ამ ხალხმა საკუთარი თავი გამოავლინეს, როგორც ხელისუფლების პოლიტიკის ოპონენტებმა. ნუ, ხელისუფლება ალბათ ამას გაითვალისწინებს. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს სამსახურის დატოვებაც კი მოუწიოს, რადგან, თუ შენ ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ ეთანხმები, მაშინ უნდა ადგე და წამოხვიდე. ევროპული პრაქტიკა ამაში მდგომარებს. შენ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთო, ადგილზე საბოტაჟი გასწიო და თან თანამდებობაზე რჩებოდე? – ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. სავარაუდოდ, ეს ადამიანები პოზიციას ვერ იცვლიან იმიტომ, რომ უკვე დაწერეს თავიანთი ცნობილი განცხადება, რის შემდეგაც ალბათ უნდა დაწერონ განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უქნიათ”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.