სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტნი ანტონიუ კოშტა ევროკავშირის სახელით უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ფიცოს თქმით, მან ეს აზრი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის დროს დააფიქსირა. “არც ევროკომისიის წევრებს, არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ აქვთ უფლება ევროკავშირის სახელით გაავრცელონ ისეთი განცხადებები, რომელსაც არც ევროკავშირი, არც ევროპული საბჭო არ ეთანხმებიან”, – ციტირებს გამოცემა ფიცოს.
როგორც მან დასძინა, ევროპელმა ჩინოვნიკებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც მთლიანი ევროკავშირის პოზიციას არ ასახავენ.
ცნობისთვის, კოშტა, კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მართა კოსი გუშინ კიევში ჩავიდნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. კიევში მათ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ 2025 წლიდან ქვეყანასთან დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.