300 000-ზე მეტმა სამხედრომ სარეზერვო პოლკებში მომზადება გაიარა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ივან ბუვალცევმა გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ განუცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბუვალცევის თქმით, სამხედროების მოსამზადებლად სარეზერვო პოლკებში სამხედრო ინსტრუქტორების 7 ასეული და სპეციალისტების 8 სასწავლო ასეული შეიქმნა. გენერლის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მოიერიშე ქვედანაყოფების მომზადებაზე გამახვილდა. ბუვალცევი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა მომზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საყრდენი პუნქტების მაკეტებზე და მოწინააღმდეგის პოზიციების მსგავს ლანდშაფტზე გაიარეს.
მან ასევე განაცხადა, რომ მომზადება გაიარეს უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო კატერების ოპერატორებმა, ასევე დრონებთან ბრძოლის ქვედანაყოფებმა და ამ სისტემის მეშვეობით საჭირო რაოდენობის სპეციალისტების მომზადება მოკლე დროშია შესაძლებელი.
ბუვალცევის ამ განცხადებიდან უცნობია, თუ რომელ პერიოდზე წერს რუსი გენერალი. ის, სავარაუდოდ, 2024 წელზე საუბრობს, რადგანაც ერთ ფრაზაში ამბობს, რომ „მომზადება წელს ჩატარდა“.