“ამდენი წელი ახალგაზრდებს მხოლოდ „ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ უჭედავდით თავში და სხვა რაიმე მაღალი ეროვნული იდეა არც გაგიხმოვანებიათ“ – ნაირა გელაშვილმა ბ. ივანიშვილს მიმართა

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ.

სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის ცოდნაც არ სჭირდებოდა; რომ თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი მხოლოდ ბიზნესტერიტორია, ერთი დიდი ცეხი იყო, რომელსაც მოგება უნდა მოეტანა თქვენთვის და თქვენი მოკავშირე მდიდართა კლასისთვის; რომ თქვენ განამტკიცეთ წინა რეჟიმის მიერ დაფუძნებული ქართული ფეოდალური კაპიტალიზმი – მტაცებლური, დაუნდობელი, უიდეო და უიდეალო. რომ თქვენ და თქვენს გუნდს განათლება უბრალოდ გძულდათ!

და აი, ამ „სპორტული“ კურსის დაგვირგვინება – ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობას არანაირი დიპლომი არ სჭირდება!

განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის, მისი დამცირების სურვილის გამოხატულება არ არის?

შემდეგ მეც და სხვებიც გაუთავებლად და, ცხადია, ამაოდ მოგიწოდებდით, შეგეცვალათ წინა რეჟიმის მიერ შემუშავებული ბარბაროსული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ლამის ყველა მდინარის გაყიდვას, მათ დაგუბებას და უდიდესი საფრთხის შემცველი გიგანტური ჰესების აშენებას, რაც ეკოლოგიური უბედურების საწინდარია, საერთოდ, და მით უფრო ჩვენს სეისმურად აქტიურ რეგიონში; ბიზნესგეგმა, რაც საქართველოს უნიკალური, ულამაზესი ბუნების განადგურებას ნიშნავს (ერთხელ პირად საუბარში მითხარით გამაოგნებელი ფრაზა, რომელიც მხოლოდ გვიან გავიაზრე, რასაც ნიშნავდა: „საქართველო არც ისე ლამაზია“. ასეთი რამ პირველად გავიგე ცხოვრებაში. ამით მეუბნებოდით, რომ ამ ბუნების გადაქცევა ტექნიკურ ლანდშაფტად არც ისეთი უბედურებაა).

სხვა საკითხები, რაზედაც საზოგადოებასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრებიც ვღელავდით, ვწერდით, ვლაპარაკობდით, მოგმართავდით, ეს იყო:

განათლების დონის უკიდურესი დაცემა, უმუშევრობა, სიღატაკე, მშიერი ბავშვები და სოციალურად სრულიად დაუცველი, მშიერი სტუდენტები (რომლებსაც ფულს ახდევინებთ სწავლაში და სამუშაო ადგილებს საერთოდ არ ჰპირდებით, სრულიად დაუცველებს ტოვებთ სასტიკი ცხოვრების წინაშე); კულტურის უძველესი ძეგლების გაპარტახება; ცუდი კვებითა და ცუდი ცხოვრებით მთელი ხალხის ერთიანად შერყეული ჯანმრთელობა და მათი ტანჯული სიარული თურქეთის საავადმყოფოებში; საქართველოს მიწის უკანონო გაყიდვა, რაც განუხრელად გრძელდება; განადგურებული სოფლის მეურნეობა და ამ ყველაფრის შედეგი: საქართველოს დაცლა ქართველებისაგან! მთლიანად დაცარიელებული სოფლები, ბოქლომდადებული ათიათასობით სახლი.

მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება უცხოთი, ისევე როგორც წინა რეჟიმის შემთხვევაში, თქვენს გააზრებულ მიზანს, გეგმას წააგავს: არ არის ხალხი, არ არის პრობლემა.

განსაკუთრებით უსაშველო და შეუქცევადი: თბილისის, ბათუმის და სხვა ადგილების ყველა მტკაველის გაყიდვა და მათი გადაქცევა ქვისა და შუშის ჯუნგლებად. ულამაზესი და უძველესი დედაქალაქის ჯოჯოხეთური დამახინჯება, მისი გარდაქმნა სიკვდილით სავსე ქალაქად. დაბოლოს, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რადიკალური დაპირისპირება მთელ დასავლეთთან – ევროპასა და ამერიკასთან, რომლებისგანაც უწყვეტად იღებდით ფინანსურ დახმარებას. და ამ დაპირისპირების მთავარი მანიფესტაცია: „გამჭვირვალობის“, ანუ, „აგენტების კანონი“- არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციის სურვილი, კრიტიკული აზრის ამოძირკვის მიზნით.

ეს ძალიან ჰგავს გადაწყვეტილებას, თავიდან მოიშოროთ ყველანაირი კონტროლი და მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან და გადააქციოთ საქართველო შავი ფულის უკონტროლო ოფშორულ ზონად, დაცემულ ქვეყნად თავისი ურიცხვი კაზინოებით, ნარკობიზნესითა თუ კრიპტოვალიუტით. აი, რა აღმოჩნდა თქვენი ოცნება.

და ეს მაშინ, როცა ამდენი წელი ახალგაზრდებს მხოლოდ „ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ უჭედავდით თავში და სხვა რაიმე მაღალი ეროვნული იდეა არც გაგიხმოვანებიათ (სრული სიმართლე!!!- რედ.). და აი, სწორედ ეს იქცა ბოლო წვეთად, რამაც ამდენი უკუღმართობის ამტანი, დაჩაგრული ახალგაზრდობის მოთმინების ძაფი გაწყვიტა, რასაც თქვენ და ძლიერ რვაფეხად ქცეული ფეოდალ-კაპიტალისტთა კლანი ვერასოდეს გაიგებთ, რადგან „მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია“.

რადგან დაგავიწყდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ღირსების განცდა ხალხში არ ისპობა და მოულოდნელად ამოხეთქს ხოლმე, თუნდაც სტიქიური პროტესტის სახით.

დაგავიწყდათ, რომ არსებობს ბოლო წვეთის ფაქტორი.

სავალალოდ გაუვიდა ყავლი თქვენს თავმოწონებას იმით, რომ „ნაცებზე“ უკეთესები ხართ. თქვენს აქტივში ხომ უკვე საკმარისზე მეტია ახალგაზრდების დალეწილი სახსრები, ხელ-ფეხი და თავყბა, ჩამსხვრეული კეფა და დათხრილი თვალები, შხამიანი აირით მოწამლული სასუნთქი გზები და ფილტვები, თქვენი ზონდერების მიერ წაქცეული ყმაწვილებისა და გოგონებისთვის მუცელში ჩაზელილი თუ ნიკაპში ამორტყმული წიხლები! სიცივეში ცივი წყლის ჭავლებითა და მომწამვლელი ნივთიერებით მათი გადაჯეგვა. ამით ხომ მათ ჯანმრთელობას ერთიანად არყევთ და შემდეგი დაავადებებისთვის იმეტებთ!

ოო, რა ამოფრქვევაა სიძულვილისა სხვისი შვილების მიმართ! რამხელა მარაგია დაფარული სადიზმისა!

ჩვენი ხელისუფლებები მართლაც რომ ქვეცნობიერი აგრესიის აუზები არიან!

რატომ პირდაპირ არ ელაპარაკებით ამ გამწარებულ, მართლა აღშფოთებულ ახალგაზრდებს, რატომ ვერც ერთი ვერ მიდიხართ მათთან, რატომ არ იწვევთ მოსალაპარაკებლად, რატომ ემალებით თქვენს სასახლეში, რატომ დასცინით, რატომ სწამებთ ცილს თქვენი სამარცხვინო, ყვითელი ტელევიზიებიდან? რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მოიფიქროთ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგათ?

ამდენი მამები და დედები ხართ და ნუთუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი? ხელისუფლების წევრებო და მსახურებო, უფრთხილდით არამ ლუკმას, რომელსაც სხვების შვილების ჩაწიხვლით თქვენს შვილებს აჭმევთ! იგრძენით საერთო განსაცდელის, კატასტროფის სუნთქვა! შეჩერდით! ნუთუ ფიქრობთ, რომ ან ღმერთი, ან ხალხი გაპატიებთ ტანჯვით გაზრდილი ბავშვების, გოგონებისა და ბიჭების – ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ამ პირუტყვულ გადაჯეგვას, ხელ-ფეხის მსხვრევას?

ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციაჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას?

გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა.

 

ნაირა გელაშვილი

წყარო.