აბსურდია არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა – არალეგიტიმურ “რუსულ ოცნებასთან” ერთადერთი სალაპარაკო საკითხია, როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. რაც მთავარია, მოიპარა არჩევნები და მიიტაცა ხელისუფლება.
აბსურდია რაიმე ფორმის დებატებზე საუბარი. ამის ნაცვლად დაუყოვნებლივ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ასახიჩრებენ და ძალადობენ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე! ასევე, გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები!
ერთადერთი სალაპარაკო არალეგიტიმურ “რუსულ ოცნებასთან” არის საკითხი – როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დებატები გაიმართება, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხოლო მეორე მხრიდან “ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძემ მიიღებენ მონაწილეობას.
2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. ამავე სხდომაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.
პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, დებატების ფორმატში, მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს.