NYT: რუტე უკრაინას სთავაზობს, რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება გადადოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინას შესთავაზა, გადადოს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, იუწყება The New York Times-ი.

მარკ რუტე

ალიანსის ახალ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ უკრაინამ მაქსიმალურად უნდა გადადოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება, სანამ დასავლელი მოკავშირეები საკმარის სამხედრო დახმარებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც ბრძოლის ველზე კიევის წარმატებისთვის და მოლაპარაკებებში მისი პოზიციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

„ახლა აზრი არ აქვს დეტალურად განხილვას, როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო პროცესი“, – განაცხადა რუტემ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ.

მისივე თქმით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, დასავლეთი კი წინასწარ უნდა დაეხმაროს კიევის პოზიციების განმტკიცებას.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ძლიერ პოზიციაზე, როდესაც ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება. ასე რომ, მე ვიტყოდი, მეტი სამხედრო დახმარება და ნაკლები დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო პროცესი”, – აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.