სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სცადა, მაგრამ სულ რამდენიმე საათის შემდეგ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ქვეყნის პარლამენტმა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხს არც მმართველმა პარტიამ, არც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია პრეზიდენტის ქმედებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს და მის გადადგომას მოსთხოვს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო მდგომარეობა მინისტრთა კაბინეტმაც გააუქმა და რომ სამხედროებმა, რომლებმაც სამხედრო მდგომარეობა უნდა აღესრულებინათ, საკუთარ ნაწილებში დაბრუნების ბრძანება მიიღეს.
4 დეკემბერს პრეზიდენტის აპარატის სრული შემადგენლობა გადადგა. პრეზიდენტის ოპონენტებმა „დემოკრატიულ პარტიაში“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, განაცხადეს, რომ თუ იუნ სოკ იოლი საკუთარი ნებით არ გადადგა, ისინი იმპიჩმენტის პროცედურად აამოქმედებენ.
3 დეკემბერს ადგილობრივი დროით საღამოს საათებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტელევიზიით მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მან სამხრეთ კორეაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რათა კონსტიტუციური წესრიგი „კომუნისტური ძალებისგან“ და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეებისგან დაიცვას.
პრეზიდენტის თქმით, საფრთხე მომდინარეობს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ადგილობრივი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისგან, რომელთა ამოძირკვაა აუცილებელი. მან ასევე ოპოზიცია სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგანაც ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის წამყვანი ჩინოვნიკების და ფიგურების იმპიჩმენტს ცდილობენ.