პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკა, დაკავებულია “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია და ოპოზიციის სხვა პირები, პროცესს წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ “ოპოზიციის და მდიდარი “ენჯეოების” ლიდერები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან”.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, “ეს უფრო პრევენციებია, ვიდრე რეპრესიები”.
ჩხრეკა მიდიოდა ენმ-ს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისებში, “დროას” ოფისთან ადგილზე მივიდა ნიკა გვარამია, მან სამართალდამცავებს ოფისში შესვლა სთხოვა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს, ამას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისიპირება, რის შემდეგაც გვარამია დააკავეს.
სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს” წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს. „იმედზე” გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი”, – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
ასევე, გავრცეებული ცნობებით,სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის” წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი” აქვეყნებს და წერს, რომ ის “პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს”.
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი მეუღლე, ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები დედამისის სახლიც იმყოფებოდნენ.
“ფეისბუქის” ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. მათი თქმით, ეს სავარაუდოდ “დაიტიოვეს” აქტიურობას უკავშირდება.
რა თქვა კობახიძემ და რას ამბობს ოპოზიცია
დაკავებებსა და ჩხრეკვებამდე პრემიერ-მინუსტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა.
„ადამიანები, რომლებიც მანამდე მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციებს გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის მხოლოდ ფარისევლობაა და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.
“კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი „ენჯეოების” ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, იმ მძიმე უხეში და სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ჩვენ რუსთაველზე ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში”, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!”,- ნათქვამია განცხადებაში.
“როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი. იბრძვი თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კოალიციის ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიცია იყო შესული. როგორც მან აღნიშნა, ახლა ბრძოლაა გაჩაღებული, რომელიც გაგრძელდება.
„როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო, მე ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ამომრჩეველი ვარ და ან მიიღეთ ეს მოცემულობა, ან ქვეყნიდან წადი და როდესაც არც ამ მოცემულობას იღებ და არც ქვეყნიდან მიდიხარ, რა უნდა გააკეთო? როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლაა გაჩაღებული და ეს ბრძოლა გრძელდება”,- განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან”.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს პარტიის ოფისში „შევარდნის” მცდელობა ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდათ, თუმცა მათ ეს დღეს გააკეთეს.
„ჯერ კიდევ გუშინ იყო ამ ოფისში შევარდნის მცდელობა, როდესაც უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული. გუშინ ეს არ გააკეთეს იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე ამას ახორციელებს რუსული” ომონი”. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინ.
“ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი. სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი”, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული „ომონი”. ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთნი. დღეს აღარ არსებობს პარტიული პოლიტიკური გამყოფი ხაზები, არსებობს მხოლოდ საქართველო და რუსები,” – განაცხადა ბოკუჩავამ.
რა პროცესები დაიწყო
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქართული ოცნება” ტერორსა და დაშინებაზე გადავიდა, რითაც აშკარად ჩანს, რომ შიდა კრიზისი და პრობლემები აქვს, რომ პროტესტს ვერ უმკლავდება.
“ქართული ოცნება” ტერორსა და დაშინებაზე გადავიდა, აშკარად საზპგადოების პროტესტს ვერ უმკლავდება და ახლა უნდათ როგორმე შეაშინონ, რომ იქნებ უკან დაახევინონ. ესაა ელემენტარული პრიმიტიული ავტორიტარიზმის გამოვლენა, როცა იმედი აქვთ, რომ დაშინებით ფონს გავლენ. მათ დათმობა არ შეუძლიათ – დათმობა ნიშნავს მარცხს და იძულებულები არიან შეუტიონ.
“იმის ნაცვლად, რომ მშვიდობაზე წავიდნენ, პირიქით, ვითარების ესკალაციაზე მიდიან, ეს ავტორიტარიზმის ნიშანია, რის მერეც მარცხდებიან ხოლმე. ახლა იმის გამოვლენაა, რომ ოპოზიციური პარტიები და იქ არსებული თანამშრომლები შეაშინონ, რათა აქტიურები არ იყვნენ, ეს არის მათი კრიზისი და შიდა პრობლემების გამოვლენა.
“მაქსიმუმი შეიძლება ის გააკეთონ, რომ ვიღაცეები დააპატიმრონ, რაღაცეები მოუგონონ, ჩაუდონ და ამით რაღაც პოლიტიკური პროცესები დაიწყონ, რითიც საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებენ და კიდევ მეტად გამოვა. მათ რესურსები არ გააჩნიათ, რობოკოპებს, თუ რასაც ვეძახით, ისინი ცოტანი არიან. მათ ეშინიათ, რომ პროტესტი მთლიან სახელმწიფოში არ გაიშალოს, ახლა ვხედავთ, რომ თბილისშიც ვერ აუდიან სიტუაციას. რუსთაველის გამზირსაც კი ვერ ასუფთავებენ, აღარ ვლაპარაკობ მთლიან ქალაქზე. ძალიან ცოტა ხალხი ჰყავთ და წარმოიდგინეთ მთლიან საქართველოში რომ გაიშალოს პროტესტი.
“ქართული ოცნება” მათი მომხრეების დიდი ნაწილისთვის ისინი უკვე მიუღებლები არიან, მაგრამ სტაბილურობის, სიმშვიდის ილუზიას მაინც უქმნიდნენ და ესეც კი ენგრევათ თავზე, ამიტომ ისტერიკაში რაღაც სისულელეებს სჩადიან.
„ეს ყველაფერი ახალი წლის გამო დაიწყეს, ეს მოვლენები “ქართული ოცნების” კისერზეა. ამ ფონზე ნანობენ, რომ კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთის წინაშე ვალდებულება ჰქონდათ.
“რუსებს ეგონათ, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობამდე იოლად გააყალბებდა არჩევნებს, ამიტომ იყო, რომ ივანიშვილი რეგიონებში მუდმივად საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობდა. ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ეს იყო, რომ 78-ე მუხლი გაეუქმებინათ, ეს ჩაუვარდათ და რუსეთის წინაშე ვალდებულება დარჩათ, რომ ნატოსა და ევროკავშირიდან წამოსულიყვნენ.
„რუსეთს ჰგონია, რომ ივანიშვილი ატყუებს, ვერ იჯერებენ – თუ ყველაფერი მის ხელშია, როგორ არ შეუძლია გააყალბოს არჩევნების ისე, როგორც სჭირდება და ამიტომ ივანიშვილს ეშინია.
“ახლა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ახალი წელი მოდის. ეგონათ, რომ ხალხი არ გამოვიდოდა იანვრის ბოლომდე და ახლა პირიქით მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნებიც ამიტომ დანიშნეს, ორი მნიშვნელოვანი თემა ახალ წლამდე შემოაგდეს. ახლა ისე მიდის სიტუაცია, რომ შეიძლება ახალი წლის აღნიშვნაც კი ვერ მოხდეს და სულ სხვა ვითარება იყოს, ვიდრე ნაძვის ხის ფეიერვერკები”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს.
“იმ დროს,როდესაც მეექვსე დღეა ამ ე.წ. პარტიების ოფისებიდან და ამ ლიდერებისგან იმართება ის პროცესები, რომელმაც თბილისი 1795 წლის სექტემბრის თვეში აღა-მაჰმად-ხანის ურდოების ლაშქრობას დაამსგავსა, რა უნდა იმოქმედოს საქართველომ? ხელისუფლებას იმიტომ ჰქვია ხელისუფლება და იმიტომ არის მილიონ ორასი ათასი კაცის არჩეული, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს და ეს ადამიანები – გვარამიები, ხოშტარიები, ბოკუჩავები,ხაზარაძეები, ეს ის შანტრაბაა, ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ და ამ ამბებში მონაწილეობდნენ, ამიტომ სავსებით გამართლებულად მიმაჩნია, რომ სამართალმა უნდა ისამართლოს და ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.