პესკოვის განცხადებით, ასადს თავშესაფარი პუტინის გადაწყვეტილებით მიეცა

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

პუტინი ასადი

„რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურის გარეშე. ეს მისი გადაწყვეტილება იყო“, – აცხადებს პესკოვი.

რაც შეეხება პუტინსა და ასადს შორის კონტაქტების შესაძლებლობას, პესკოვის თქმით, „პრეზიდენტის ოფიციალურ განრიგში ასეთი შეხვედრა არ არის“.

ცნობისთვის, სირიის ანტისამთავრობო ძალებმა 27 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მასირებული შეტევა დაიწყეს და 1 დეკემბერს ქალაქი ალეპო დაიკავეს. შემდეგ მათ შეტევა გააგრძელეს და ქალაქები ჰამა და ჰომსიც აიღეს.

8 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო ძალები უკვე დამასკოს ცენტრში იმყოფებიან. როგორც სირიის ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელმა ჰადი ალ-ბაჰრამ განაცხადა, ასადის რეჟიმი დაეცა და „სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა“.