უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია შეერთებულმა შტატებმა და მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა გაიაზრონ, რათა მსოფლიოში რუსეთის გავლენა შეასუსტონ. ამის შესახებ მან კიევში ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან შეხვედრისას განაცხადა, იუწყება European Pravda.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სირიაში ასადის რეჟიმის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იქ რუსული ჯარების საკმარისი რაოდენობის არარსებობა გახდა.
„ყველა მათგანი უკრაინაში გადაიყვანეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ დიდი ფსევდოიმპერიის მთელი არმია დღეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. იგივე ხდება აფრიკაში. ჩვენ ვიცით, რომ იქ „ვაგნერელები“ იყვნენ და რამდენი „ვაგნერელი განადგურდა უკრაინაში“.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს – როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე მომავალი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის – არის იმის გაგება, რომ უკრაინის სიძლიერე განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთის არმია ძლიერი, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, პუტინი დაბრუნდება სირიაში, აფრიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა გაიგოს“ არის ის, რომ „მსოფლიოს საერთო წარმატება“ უკრაინის გარშემო გაერთიანებაში მდგომარეობს.