რაზე მეტყველებს “ქ.-ოცნების” მიერ “დამატებითი ინფორმაციის” გავრცელება მაკრონ-ივანიშვილის საუბრის შესახებ

როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა “დამატებითი ინფორმაცია”, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და “ქოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ.

ეს “დამატებითი ინფორმაცია” გავრცელდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა საუბრის შინაარსი. ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ამ რელიზს წინ უსწრებდა “ქ.ოცნების” მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მაკრონის ინიციატივით მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარზე.

მაშ ასე, ჯერ იყო “ოცნების” ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურად და თან მოკლედ გადმოსცემდა მაკრონ-ივანიშვილის საუბრის შინაარსს. აშკარა იყო, რომ “ოცნება” რაღაცას მალავს.

ეს “რაღაც” გაამხილა მაკრონის ადმინისტრაციამ. გაირკვა, რომ მაკრონმა ივანიშვილი საყვედურებითა და გაფრთხილებებით აავსო, რაც მუქარას ნიშნავს.

ამის შემდეგ, ივანიშვილის პრესსამსახურიც ცვლის ტონალობას და, “დამატებითი ინფორმაციის” ფარგლებში, ივანიშვილს ერთგვარ მედგარ ლიდერად გვიხატავს, რომელმაც თურმე “განუმარტავს” საფრანგეთის პრეზიდენტისათვის, რომ ქართული პოლიცია ევროპულ სტანდარტებზე უფრო მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა და საქართველო “სამართლებრივი სახელმწიფოა”.

ღიმილის მომგვრელია “ქოცების” ასეთი საქციელი. ირკვევა, რომ პარტიას და მის “საპატიო თავმჯდომარეს” არ სურდათ საფრანგეთის პრეზიდენთან საუბრის შინაარსის გასაჯაროება. მაგრამ თავმჯდომარე გაბრაზდა და ელისეს სასახლის ინფორმაცია “შეავსო”.

ეჭვი არ შეგვაქვს, რომ ივანიშვილმა მაკრონს უპასუხა ისე, რაც მოცემულია “ქოცნების” “დამატებით ინფორმაციაში”, მაგრამ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ქრონოლოგია გვაფიქრებინებს იმას, რომ მაკრონის მხრიდან გავრცელებულმა საუბრის შინაარსმა ცუდად იმოქმედა “ქოცების” უპირობო ლიდერზე.

“ქოცებს” თავიდანვე უნდა გაევრცელებინათ საუბრის შინაარსი სრულად და არა მას მერე, რაც მაკრონის ადმინისტრაციამ გააკეთა ეს. ბიძინას “პრინციპულობა” და მაკრონთან პაექრობა უფრო დამაჯერებელი და ფასეულიც იქნებოდა. ახლა ყველაფერი პირიქით ჩანს.

თუმცა, გვაქვს ის, რაც გვაქვს. მალე ეს ყველაფერი შეიცვლება.

 

გულბაათ რცხილაძე