რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გრძელდება. ოკუპანტებმა უკრაინას „კალიბრის“, „კინჟალის“ რაკეტებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებით და სხვა საშუალებებით შეუტიეს.
მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 3:23 საათზე რუსეთის „ოლენიას“ აეროდრომიდან რამდენიმე Tu-95ms-ის აფრენა დაფიქსირდა.
ადგილობრივი დროით 10:35 საათზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 93 რაკეტა გაუშვეს. მათ შორის იყო მინიმუმ ერთი ჩრდილოეთ კორეის რაკეტა.
„81 რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, საიდანაც 11 საკრუიზო რაკეტა ჩვენი F-16-ების წყალობით ჩამოვაგდეთ. რუსებმა ამ შეტევაში ასევე გამოიყენეს თითქმის 200 დრონი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკი ფიქრობს, რომ ამ დაბომბვით რუსმა “დამპყრობლებმა” “დიქტატორ” ვლადიმირ პუტინის გეგმა გამოავლინეს, რომელიც უკრაინაში ყველაფრის განადგურებას გულისხმობს.