სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა 14 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN იუწყება.

სამხრეთ კორეის პარლამენტი

იმპიჩმენტს ხმა მისცა 204 დეპუტატმა 300-დან, წინააღმდეგი იყო 85. კენჭისყრა ფარული იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ოპოზიციის გარდა ასევე მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმაც. მმართველი პარტიის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა ჰან დონ ხუნმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრის მეორე მცდელობა იყო. პირველ ჯერზე, იუნ სოკ იოლის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკმარისი ხმები ვერ შეგროვდა.

ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს 180 დღე ექნება იმის გასარკვევად, საბოლოოდ ჩამოართვას თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, ან აღადგინოს მისი უფლებები. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პრემიერ-მინისტრი შეასრულებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 3 დეკემებრს გამოაცხადა. ამის მიზეზი იყო „იმ ძალთა ამოძირკვა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას უჭერენ მხარს“ და „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. რამდენიმე საათის შემდეგ სამხრეთ კორეის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეცდომა იყო და ის ამისთვის ბოდიშს იხდის. ასევე იოლმა განაცხადა, რომ ამას ხელახლა აღარასოდეს გააკეთებს.