ანა დოლიძე – ყველას მოგწვდებით ყველგან და გაგებინებთ პასუხს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ,,ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგაში მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია ჩაიტანა, მათ შორის, როგორიც არის დევნა თბილისის ქუჩებში, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

“მოგესალმებით ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მე თქვენ დაგპირდით, რომ ჩემს კონტაქტებს, ჩემს გამოცდილებას, ჩემს ცოდნას გამოვიყენებ, რათა სამუდამოდ დასრულდეს ძალადობის კულტურა პოლიციაში, რომლის ნაწილი გადააქციეს მილიციად და რომელმაც ნოემბრის დასასრულს, დეკემბრის დასაწყისში გამოიყენა სრულიად დაუშვებელი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ. ამას მოჰყვა სანქციები, სანქციები არის პოლიტიკური ზომა, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება სამართლებრივი შედეგები. საერთაშორისო სამართალში ის ზომები, რაც იყო გამოყენებული აქციებზე არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ჩამოვედი და ჩამოვიტანე მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, რაც არის დევნა თბილისის ქუჩებში, ალყა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გაზის კაფსულების გამოყენება გაფრთხილების გარეშე, წამება და არაადამიანური მოპყრობა. სწორედ ასეთ დანაშაულებს იძიებს ჰააგის ტრიბუნალი. შეხვედრა მქონდა იმ განყოფილებასთან, რომელიც წინასწარ აგროვებს ინფორმაციას და წყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მათ მე ეს ინფორმაცია გადავეცი. ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია, ის ჩაგვრა არავის შერჩებათ”, – განაცხადა ანა დოლიძემ