ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, – ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა.
„გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა ამ გადამწყვეტ პერიოდში. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ კომუნიკაციას. ის, რასაც ჩვენ დღეს ამ პანელიდან ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით მესიჯს. ქართველ ხალხს უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერისა და ევროკავშირის უწყვეტი ერთგულების ძლიერი მესიჯი, „ქართულ ოცნებასთან“ კი ხაზი უნდა გავუსვათ მისი ქმედებების ფასს“, – აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.