ევროკავშირი ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას იწყებს – აღნიშნული გადაწყვეტილება 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დახურულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, ინიციატივას სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ – წევრი ქვეყნების მინიმუმ 55%-მა დაუჭირა მხარი.
ფინანსური და სხვა ტიპის სანქციებზე, რაც კონსესუსს საჭიროებს, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო ბლოკი კვლავ ვერ თანხმდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ლაპარაკია პერსონალურ სანქციებზე ადამიანების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და არა ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე. როგორც ბრიუსელში ამბობენ, ისინი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს დაელოდებიან და მას შემდეგ გადადგამენ საპასუხო ნაბიჯებს, რაც ნათელი მტკიცებულებები დაიდება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, რადგან დიპ პასპორტების მქონე ხალხითვის “რეალურად პროცედურულ სირთულეს არ შექმნის”.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ საქართველოში სიტუაცია დაიძაბა და რეპრესიები ისევ გაგრძელა ქვეყანაში, ევროკავშირი უფრო მწვავე შეზღუდვებზე იფიქრებს და გამოსავალსაც მოძებნის კონსენსუსის გარეშე როგორ იმოქმედოს.
ანალიტიკოსები დასძენენ, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით გავლენას იქონიებს. უნდა ითქვას, რომ მინისტერიალის პარალელურად ქვეყანაში ხდებოდა ის, რომ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, პატიმრობა კიდევ ერთ პირს – აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანსაც შეეცვალა, ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარნეულის იზოლატორი დატოვა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამაც, თუმცა მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და ეს ვადა ამოიწურა.
რა გადაწყდა ბრიუსელში
“დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ამის საპასუხოდ ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ.
“დღეს, ჩვენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით და კომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების დაწესების საკითხი იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან”, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.
„მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირების საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს, რაზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში წარადგენს ევროკომისია.
მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რეგულაციის პროექტზე, რომლის მიხედვით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების ვადა გაიზარდა 9-დან 12 თვემდე, რაც ასევე შესაძლოა გაგრზელდეს დამატებით 24 თვით, მანამდე ეს მაქსიმალური ვადა განისაზღვრებოდა 18 თვით. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფაზაში ევროკომისია მესამე ქვეყანასთან აწარმოებს დიალოგს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსასწორებლად. გამოსავლის არარსებობის პირობებში კი, ევროკავშირს საშუალება აქვს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.
გამოცემა “პოლიტიკო” წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის. ამას ლობირებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეცაა, თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი.
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 16 დეკემბერს დღის ბოლოსკენ პლატფორმა “იქს”-ზე დაწერა, რომ სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის”, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
ექნება თუ არა გაგრძელება სანქციებს და რა რეაქცია მოჰყვება საქართველოში
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ საქართველოში სიტუაცია დაიძაბა და რეპრესიები ისევ გაგრძელა ქვეყანაში, ევროკავშირი უფრო მწვავე შეზღუდვებზე იფიქრებს და გამოსავალსაც მოძებნის.
“ეს არის პირველი გამაფრთხილებელი გადაწყვეტილება და მოსალოდნელია, რომ სანქციები გაფართოვდეს და გამწვავდეს იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები და თუ ახლანდელი დე ფაქტო ხელისუფლება თუ თავის რეპრესიებს, ადამიანის უფლებების ასე დარღვევას გააგრძელებს, მაშინ რა თქმა უნდა, ამას უფრო რთული ზომები მოჰყვება.
“იხილავდნენ ასევე პირადული სანქციების დაწესებას, როგორც მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს, უფრო ფინანსური საქნციების დაწესებას, მაგრამ მათ კონსენსუსი არ ჰქონდათ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში სანქციები დააწესონ ქვეყნებმა ინდივიდუალურად.
„ამას რა თქმა უნდა მოჰყვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობის დარღვევა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და როგორც წესი ცდილობენ, რომ ეს არ გააკეთონ ხოლმე, მაგრამ თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება და ზემოქმედების სხვა საშუალება არ ექნებათ, მაშინ ასეთ მოქმედებებზე გადავლენ”,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა “რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე რეალურად შემზღუდავი, რადგან დიპ პასპორტების მქონდე ხალხი ბოლო-ბოლო ვიზებს აიღებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შიდა სიტუაციაზე გავლენას მოახდენს.
“ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ჭრილი აქვს, რადგან პოლიტიკურის გარდა სხვა მნიშვნელობა მას ალბათ არც აქვს, რადგან დიპლომატიური პასპორტებიანი ხალხისთვის ვიზის აღება პრობლემა არ იქნება. ასე, რომ რეალურად პროცედურულ სირთულეს არ შექმნის, მაგრამ აი პოლიტიკურად რომ გააჟღერონ, რომ დასაჯეს საქართველო, აი ამ მიზანს მიაღწევენ ამ ეტაპზე.
“მადლობა იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, ვინც ამ უმართებულო პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს, უმართებული იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ეს პროცესი, რაც ახლა საქართველოს მიმართ მიდის, ყალბია, რადგან პროცესს მხარს უჭერენ იმის ლოზუნგით, რომ აი, საქართველო ევროპისკენ არ მიდის, რუსეთისკენ აქვს ორიენტაცია და ამიტომ დავსაჯოთო. თქვე კაი ხალხო, თუკი დასჯით, უფრო რუსეთისკენ არ ტოვებთ?
“იმ სულისკვეთებით, რითაც დღეს ევროპა მოქმედებს, ისევ და ისევ გაწირა რუსეთისთვის საქართველო, როგორც 2008 წელს. ოღონდ მაშინ ფიზიკური ომის პირობეში გაწირა და დღეს პოლიტიკური ომის პირობებში წირავს და დიდი მადლობა სწორედ ამ ქვეყნებს – უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებმაც რეალური ევროპელობა გამოიჩინეს და საქართველოსა და ზოგადად კავკასიის გაწირვას მხარი არ დაუჭირეს”,- განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, შიდა პროცესებზე როგორ იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვ ეტილებები, ანალიტიკოსმა გვითხრა:
“შეიძლება ჟივილ-ხივილი, რომ აი ახლა გვსჯიან და მერე კიდევ უფრო დაგვსჯიან, მერე ჩამოვლენ და ივანიშვილს დააპატიმრებენო და ა.შ. დაძახილს რა უშლის? ამ პროცეს შეიძლება ასეთი ხმაური მოჰყვეს, ოღონდ სხვა რეალური არაფერი არ მოჰყვება. ევროპა სხვა უფრო დიდი ხიფათის წინაშე დგას, რომ ის დამოკიდებულება, რაც ადრე იყო – 80% რომ იძახდა, რომ ევროპა გადასარევი რამეაო, ეს დამოკიდებულება შეიძლება შეარყიოს თვითონ ამ ევროპულმა ნაბიჯებმა.
“მითუმეტეს, თუკი დღევანდელმა ოპოზიციამ მხარი აუბა, ეს უფრო მეტად იმოქმედებს ევროპელების მიმართ დამოიდებულებაზე, რადაგან დღევანდელი ოპოზიცია პოპულარული არაა მისი დესტრუქციული სტილითაც და საიმისოდ პოპულარული არაა, რომ მთელ საქართველოზე ზემოქმედებდეს. შესაბამისად ამ დესტრუქციულობის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააღიზიანებს საქართველოს მოსახლეობას ევროპის წინააღმდეგ”, განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსთან”.