ალიევი: მაკრონს არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს – საქართველოშიც აუცილებლად უნდა შეძვრეს

„საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიითვის ბრძოლაში“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონის აქტიურობაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია, ან დესტაბილიზაციის საფრთხე ისეთივე მავნეა აზერბაიჯანისთვის, როგორც თავად საქართველოსთვის.

„ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, რის გამოც მოხარული ვართ. საქართველო ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ახლო მეგობარია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ხალხი მშვიდობიანად და შეხმატკბილებულად ცხოვრობს. ამიტომ, დესტაბილიზაცია, ან დესტაბილიზაციის საფრთხე რამდენადაც საქართველოსთვის არის მავნე, იმდენადვე მავნეა აზერბაიჯანისთვისაც. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია პოლიტიკურ კალაპოტში იყოს, დასტაბილურდეს და საქართველო წარმატებით განვითარდეს“, – ამბობს ალიევი.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროს, აზერბაიჯანშიც ისევე ჰქონდა ადგილი გარე ჩარევების მცდელობას, როგორც ეს ახლა საქართველოში ხდება.

„როგორც გაირკვა, საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ და ის ხალხი, რომელიც ამ ორგანიზაციებში მუშაობს, ათობით ათასი ლარის ოდენობის ხელფასს იღებს, თუ მეტს არა, და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენს ქვეყანაშიც იყო მსგავსი პერიოდი, მაგრამ ეს შევაჩერეთ. ამიტომ, ნებისმიერი გრანტი, რომელსაც ნებისმიერი სტრუქტურა გასცემს, აზერბაიჯანული იქნება ეს თუ საზღვარგარეთიდან შემოსული, უნდა დარეგისტრირდეს. შემდეგ კი შესაბამისი ორგანოები წყვეტენ, მისცენ თუ არა ამის უფლება. დახმარება არ უნდა იყოს თავსმოხვეული. ბაიდენის ადმინისტრაცია რით დარჩება ისტორიაში? – მათ შორის იმით, რომ თავს გვახვევენ – თქვენი დახმარება გვინდაო. ჩვენ კი ვამბობთ – მადლობა, არაა საჭირო. ისინი კი გვეუბნებიან, არა, უნდა დაგეხმაროთო – ასეა მოწყობილი მათი სტრუქტურა…

მაკრონს კი ყურები დაცქვეტილი აქვს. ადამიანი თავის ადგილას ვერ ჯდება. საქართველოშიც აუცილებლად უნდა შეძვრეს. საქართველოს საკითხი იმაზე ფართოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ასე შეიძლება ითქვას – ეს კავკასიისთვის ბრძოლაა. სომხეთი ვხედავთ, საითაც მიდის, აზერბაიჯანი დამოუკიდებელი მოთამაშეა, ამიტომ, საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიითვის ბრძოლისთვის“, – ამბობს ალიევი RIA Novosti-სთან ვიდეო ინტერვიუში.