ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, პირდაპირ ჰქონდათ ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რაც აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით

„ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო ჩატარებული, როდესაც „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დააანონსა ამ არჩევნების დელეგიტიმაცია, ცხადია, რაც იყო მათი სცენარი და მიზნები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერი

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მაკკეინის ინსტიტუტს“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პირდაპირ ჰქონდა ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რისი განხორციელებაც რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო.

„არჩევნების მეორე დღიდან დაიწყეს ქუჩების გადაკეტვა, გმირთა მოედანს კეტავდნენ და ა.შ.. სცენარი, რაც ეწერა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, პირდაპირ აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით. ახლა საუბრობენ მსხვერპლზე, სანქციებზე, ეს არის ყველაზე ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში ნეგატიური სცენარების განვითარებით დაინტერესებული. იმედი მაქვს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება რადიკალურად და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ სამწუხარო შემთხვევაში, თუ ხალხი დაიღუპება სახელისუფლებო ავაზაკების ხელით, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს“.