სოხუმის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დაავალა, რომ ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
საუბარია ელექტროენერგიის მიღების გაზრდაზე ზამთრის პერიოდში, რისი ანაზღაურება შემდეგ „ენგურჰესის“ ელექტროენერგიით მოხდება ზაფხულის პერიოდში.
11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იღებს. „ენგურჰესში“ წყლის დონე დაბალია, ხოლო რუსეთმა აფხაზეთს დენის მიწოდება შეუწყვიტა. მოსკოვი სოხუმისგან ელექტროენერგიის კომერციული ფასით ანაზღაურებას ითხოვს, რისი საშუალებაც სოხუმს არ აქვს.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმებას“ მხარი არ დაუჭირა.