აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ბევრ კანადელს ურჩევნია, მათი ქვეყანა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს და ამას „შესანიშნავი იდეა“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ში დაწერა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები კანადას „წელიწადში 100 000 000 დოლარზე მეტ“ სუბსიდირებას უწევს და ამას „სისულელეს“ უწოდებს.
„ბევრ კანადელს სურს, რომ კანადა 51-ე შტატი გახდეს. ისინი ბევრს დაზოგავდნენ გადასახადებზე და სამხედრო დაცვაზე. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იდეაა. 51-ე შტატი!!!“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე CNN-ი წერდა, რომ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრაზე ხუმრობით თქვა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს. ტრუდოსა და ტრამპის შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან აშშ-ში შესულ ყველა საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.